საბყრობილე №6 - ტუბერკულოზის კერა

 2006 წელს რუსთავის №6-ე დაწესებულება 900 პატიმარზე იყო გათვალისწინებული. მასობრივი დაპატიმრებების შემდეგ, 2007 წლიდან, მის ტერიტორიაზევე დაიწყო ახალი, 600 კაციანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც მართლაც რომ უსწრაფესი ტემპებით მიმდინარეობდა. პირველი სართულის დასრულების შემდეგ, უკვე იწყებოდა მისი კოსმეტიკურად გარემონტება და იმავდროულად მეორე სართულის მშენებლობა. ასეთი პრინციპით აშენდა ოთხ სართულიანი კორპუსი.
უკვე დასრულებული ახალი კორპუსი ე.წ. ,,კრიტის" ფუნქციას ასრულებდა, სადაც განსაკუთრებით საშიში, მკაცრ რეჟიმში მყოფი პატიმრები უნდა ყოფილიყვნენ განთავსებულნი.
ახალი კორპუსი ძველისაგან სულ 3-4 მეტრით არის დაშორებული და მათი ფანჯრები თითქმის მიბჯენილია ერთმანეთზე და სწორედ ამის გამო ახალი კორპუსის ფანჯრებზე დახურული რკინის ჟალუზები დაამონტაჟეს. არადა ძველი კორპუსის პატიმრები, ზაფხულობით ფანჯრებს ხსნიან, რადგან ვინტილაცია და კონდენსაცია პრაქტიკულად არ არსებობს შენობაში და გაუსაძლისი სიცხე და დახუთულობა არისხოლმე.
ყველაფერი ზემოთხსენებულის შედეგად, დაწესებულება ტუბერკულოზის კერად იქცა...

კოლონია №2

რუსთავის №2 ზონაში დილის 10 საათზე მივედი, სადაც უკვე ორი საათის მისული იყო ჩემი მეგობარი დავითი, რომელსაც ჩემი გვარი უკვე დაემატებინა პაემანზე შემსვლელთა სიაში.
მეთხუთმეტე ვიყავი და ჩემს რიგს აუღელვებლად ველოდი. ის იყო, სიგარეტის მოსაწევად ფოიედან გარეთ გამოსვლა დავაპირე, რომ ჩემს ზურგს უკან რაღაც გაურკვეველი აყალ-მაყალი ატყდა. ქართლულ, იმერულ, გურულ, მეგრულ და კახურ დიალექტთა ქაოტურ სინთეზში ძალიან გამიჭირდა სიტუაციაში გარკვევა და გადავწყვიტე მივახლოვებოდი. აი აზებაიჯანელებიც უცბათ გააქტიურდნენ და მთლად დავიბენი... ბოლოს ისევ მშობლიურ ენაზე ვიღაც ქალის განწირული კივილი მომესმა.
-სია დახიეს! სია დახიეს!
- ვინ დახია სია? იკითხა ვიღაც უზარმაზარ ძუძუებიანმა ქალმა და თვალებში მკაცრად ჩააშტერდა ამ საზარელი იმფორმაციის მომწოდებელ, ქალბატონ N-ს.
-აბა მე რა ვიცი ვინ დახია?!
- აბა საიდან იცი, რომ დახიეს?! სადაა სია?
 ამჯერად უკვე აღარ გამჭირვებია სიტუაციაში გარკვევა, რადგან ყველაფერი უკვე ისედაც ნათელი იყო. ვეღარ მოვითმინე და ქალბატონ N-ს მშვიდი ტონით ვეკითხები:  -თქვენ ეწერეთ სიაში ქალბატონო? ინსტიქტური მოძრაობით უცებ ზურგი შემაქცია და ჯიუტად გამომძახა:  -აბა არ ვეწერე?!  - და მერამდენე იყავით?  საკონტროლო გასროლასავით მივაყოლე ეს შეკითხვაც. ქალბატონი მიხვდა, რომ პაუზა და დაფიქრება, მის მიერ დანაშაულის აღიარება იქნებოდა ჩვენთვის... ამიტომაც, მყისიერად და კიდევ უფრო ჯიუტად მიპასუხა:  -მეთხუთმეტე!
 საინტერესო ის არის, რომ მოცემულ სიტუაციაში მე და ქალბატონი N-ი (რომელისც საერთოდ არ ეწერა სიაში) ერთნაირად მართლები ვიყავით. ისიც მეთხუთმეტე იყო და მეც. სია უკვე აღარ არსებობდა და თანაც ჩვენს ირგვლივ მყოფ ინტერნაციონალურ ბრბოს სულ ფეხებზე ეკიდა ვინ ეწერა სიაში და ვინ არა. ახლა მთავარი ის გახლდათ, ვინ უფრო ახლოს მივიდოდა ან ხელსაყრელ პოზიციას დაიკავებდა სარკმელთან, საიდანაც სანატრელ, დაჭყეტილ-ცისფერთვალება, პაემნების ორგანიზატორ გოგონას უნდა გამოეხედა.
...და აი, სარკმლის საკეტის ჩხაკუნის ხმაზე იხუვლა ინტერნაციონალურმა ბრბომ და ერთმანეთში აიზილა. უზარმაზარ ძუძუებიანმა მკერდი მიაბჯინა ხალხის მასას და ენერგიულად დაიწყო სვლა სარკმლისაკენ. მსხვილი მკლავების ტლანქი მოძრაობით აქეთ-იქით მდგომი მოხუცები იოლად ჩამოიცილა გზიდან მაგრამ, მის წინ აღმართულ მამრ გიგანტს შეასკდა. აქ ძალადობას აზრი აღარ ქონდა... ახლა მთავარი ამ პოზიციის შენარჩუნება გახლდათ მისთვის. თუმცა, დროდადრო მაინც აწვებოდა მკერდით მამრს ზურგზე. მარცხენა ფლანგზე შედარებით სუსტი და მომცრო ტანის ადამიანები მოექცნენ მაგრამ, მდგომარეობა იქ უფრო რთული იყო რადგან კედელი კიდევ უფრო ზღუდავდა მათ სივიწროვეს და აუტანელი ჭყლეტვა შეიქმნა. მე იქვე შორი-ახლოს მდგომი ვაკვირდებოდი სიტუაციას და კლოდ სორელივით ჩაფიქრებული სტრატეგიას ვიმუშავებდი. უცებ მარცხენა ფლანგზე განვითარებულ ჭყლეტვაში შევნიშნე ფერდაკარგული აზერბაიჯანელი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თვალები უკვე თეთრი ქონდა და ტუჩები გალურჯებული. ცუდად არის! ხმამაღლა დავუყვირე ყველას. ბრბომ წამიერად შეხედა ქალს, დარწმუნდა რომ მართლა ცუდად იყო და ხელოვნურად შექმნილ სივიწროვეში, სულ ოდნავ გამოანთავისუფლა სივრცე. ქალს საყრდენი ცოცხალი სხეულები გამოეცალა და მოკვეთილივით დაეცა. მიუხედავად ყველაფრისა, გამხეცებულ ბრბოში მაინც აღმოჩნდა ორი გულისხმიერი ადამიანი, რომლებმაც არც თუ ისე ურიგო სტრატეგიული პოზიციები დათმეს და მომეხმარნენ ქალის გამოყვანაში. აზებაიჯანელი ქალბატონი სკამზე დავსვით. იქვე მდგომ უცხო ქალბატონს ჩემდა გასაკვირად ნიშადურის სპირტი აღმოაჩნდა. (ალბათ უკვე ქონდა შესაბამისი გამოცდილება მიღებული... თანაც, არც განსაკუთრებული აღელვება და შეშფოთება შემიტყვია მისთვის...) მშვიდად მიუტანა ქალს ცხვირთან მომცრო ზომის ბოთლი, რამოდენიმეჯერ შეასუნთქა და მშვიდადვე გადავიდა შემდეგ მოქმედებაზე. მომცრო ზომის ბოთლი ჩანთაში დააბინავა და იქიდანვე ამოიღო გაურკვეველი წამლის ფირფიტა. პირღია ავადმყოფს ერთი აბი ენაზე დაადო და გაფითრებულ ბაჯის ნელნელა ისევ დაუბრუნდა ბუნებრივი შავი ფერი.
მშვიდი მკურნალის გვერდით მდგომი ორი მაშველი, სიხარულით გაბრწყინებულები, ღიმილით ვზეიმობდით ჩვენს პატარა გამარჯვებას და მოუთმენლად ველოდით შუბლ შეჭმუხნული ბაჯის თავალებიდან მადლიერებით აღსავსე მზერის გამობრწყინებას. რამოდენიმე წამში ბაჯიმ მართლაც გაახილა თვალები მაგრამ, მისი თაგვივით წვრილი გუგებიდან საზარელი მრისხანება გამოსჭვივოდა. ბაჯი, მდედრი გლადიატორივით გაცეცხლებული წამოდგა ფეხზე, მქუხარედ შესძახა: ეხლავე ჩემი ,,Fორთოჩკასთან" გამიშვითო და გაათმაგებული ენერგიით ხელახლა შეუტია ინტერნაციონალურ ბრბოს, რომელსაც მის ზურგსუკან განვითარებულ მოვლენებზე არანაირი ინფორმაცია არ ქონდა. გაოცებული და აღფრთოვანებულნი შევყურებდით ორი მაშველი გლადიატორ ბაჯის. მხოლოდ ჩვენს შორის მდგარი მკურნალი ინარჩუნებდა ჩვეულ სიმშვიდეს და ოდნავ ირონიულად იღიმოდა. - კი მაგრამ ასეთი რა დაალევინა ნეტა? ჩავილაპარაკე მე.
-ის რაც დანარჩენებმაც დალიეს... ღიმილით მიპასუხა მკურნალმა.

P.S. 
ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველაფერი რაც გვჭირს ხელისუფლებების და ,,მთავრობების" ბრალია მაგრამ, ისიც ცხადია, რომ
სამოქალაქო კულტურას ათეული წლებისა და საუკუნეების განმავლობაში საყოველთაოდ დადგენილი წესი და რიგი უყალიბებდათ სხვადასვა ქვეყნის მოქალაქეებს.
როგორ გგონიათ, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას, ჩვენში არსებული  მანკიერი თვისებები სამოქალაქო კანონებისა და დადგენილი წესების მეშვეობით აღმოფხვრას?

ჩემსმიერ ზემოთ მონათხრობ ისტორიაში ნახსენებბი პრობლემა, მართლაც ძალიან მწვავედ დგას სხვადასხვა პენიტენციალურ დაწესებულებებში.
მაგ: რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ზონაში 1500 პატიმარი იხდის სასჯელს. მათგან, ნაწილს თვეში ერთხელ ეკუთვნის მოკლე ვადიანი პაემანი. ხოლო ნაწილს კი თვეში ორჯერ. რეალურად კი, ყოველდღიურად მხოლოდ 36 მნახველი ახერხებს თავის პატიმრის მონახუულებას. 36 ადამიანი სამ ნაწილად იყოფა და რიგის პრინციპით სამი 12 კაციანი ნაკადი შედის თითო ჯერზე პაემნების ოთახში. დღის განმავლობაში სულ სამი ნაკადის შესვლა თუ მოხერხდებახოლმე. გამოდის, რომ ეს განრიგი, პატიმართა ნახევარსაც კი ვერ უზრუნველყოფს პაემნის უფლებით.
აქედან გამომდინარე შეიძლება გავუგოთ კიდეც იმ ადამიანებს, რომლებიც ათას უმსგავსობას სჩადიან, თავის პატიმრის მოსანახულებლად უწესრიგო რიგში მდგომნი. ზოგიერთი მათგანი, ძალიან შორიდან არის ჩამოსული და იმედგაცრუებული ბრუნდებახოლმე შინ. ან კიდევ, რამოდენიმეჯერ უწევსხოლმე მისვლა.
არადა, სულ ცოტა თანხა და კეთილი ნებაა საჭირო სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის მხრიდან, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ აღმოიფხვრას..!